English / ქართული / русский /
ლალი ხურცია
ინდუსტრიული ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობა განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში

ანოტაცია.ინდუსტრიული (სამრეწველო) პოლიტიკა წარმოადგენს სახელმწიფოს სტრატეგიულ ძალისხმევას ეკონომიკური გარდაქმნების წასახალისებლად, შესაბამისი სტიმულების შექმნას, რომლის მიზანია პროდუქტიულობისა და ეკონომიკური აქტივობებისზრდა როგორც სექტორებს შიგნით, ასევე სექტორებს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამრეწველო პოლიტიკა არის ნებისმიერი შერჩევითი სახელმწიფო ჩარევა, რომელიც ცდილობს შეცვალოს წარმოების სტრუქტურა იმ სექტორების ეფექტიანობის ასამაღლებლად, რომლებიც პერსპექტივაში ხელს შეუწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, და რომელიც არ მოხდებოდა, თუ არ იარსებებდა სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული წამახალისებელი ნაბიჯები.

დღეისათვის ეკონომიკურ საზოგადოებაში მიმდინარეობს კამათი იმის შესახებ, თუ რომელ სამრეწველო სექტორს ესაჭიროება სახელმწიფოს ინდუსტრიული პოლიტიკის ყურადღება. ყველა ინდუსტრიის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან არ არის თანაბრად სასარგებლო განვითარებისთვის; ზოგიერთი ინდუსტრია შეიძლება იყოს კარგი მასობრივი დასაქმებისთვის, მაგრამ ნაკლებად უწყობდეს ხელს ტექნოლოგიურ განვითარებას. გარდა ამისა, ინდუსტრიული პოლიტიკა შედარებით მომთხოვნი მიდგომაა. იმისათვის, რომ  სახელმწიფო პოლიტიკა იყოს ეფექტური, მისი დიზაინი და განხორციელება უნდა ითვალისწინებდეს როგორც მთავრობის შესაძლებლობებს, ასევე პოლიტიკურ ნებას.

ქვემოთ მიმოვიხილავთ სხვადასხვა მკვლევრებისა და მეცნიერების ნაშრომებს ინდუსტრიული პოლიტიკისა და ინდუსტრიული სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ. მიმოხილვაში გაერთიანებულია როგორც აკადემიური ნაშრომები, ასევე სხვადასხვა ქვეყნების ისტორიული მაგალითები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს ეკონომიკურ განვითარებაში წარმატებული სამრეწველო პოლიტიკის განხორციელების გზით. 

* * *

განვითარებული ქვეყნების ინდუსტრიული ეკონომიკური პოლიტიკა

მიმოხილვას დავიწყებთ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი დამფუძნებლის ალექსანდერ ჰამილტონის „მოხსენებით წარმოების თემაზე“, რომელიც წარმოადგენს აშშ-ის მე-3 სახაზინო ანგარიშს და შექმნილია 1791 წელს. ითვლება, რომ სამრეწველო პოლიტიკის ზოგადი პრინციპები პირველად ამ მოხსენებაში იქნა ფორმულირებული .

ჰამილტონის მოხსენებაში, მოცემულია ამერიკაში წარმოების მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა და შემოთავაზებულია გზები ამერიკის სამომავლო ინდუსტრიული კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. საკუთარი სახელმწი­ფოებრიობის ჩამოყალიბების დასაწყისში აშშ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების წინაშე იდგა. ამერიკის რევოლუციამდე ბრიტანეთის პოლიტიკის ძირითადი ხაზი მის კოლონიებთან დაკავშირებით იყო მათი გამოყენება წარმოებული საქონლის გასაღების ბაზრად, რასაც ამავდროულად თან ახლდა კოლონიების ინდუსტრიალიზაციისათვის, კოლონიებში ახალი ბაზრებისა და მით უმეტეს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაში ხელის შეშლა. ბრიტანეთის მიზანი იყო კოლონიების გამოყენება ნედლეულის წყაროდ, რომელსაც თვითონ გადაამუშავებდა და წარმოებული საქონელს უკან, კოლონიებში გააგზავნიდა.

ჰამილტონის თანახმად, ამერიკას სჭირდებოდა ისეთი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფდა ახალდაარსებული სამრეწველო კომპანიების განვითარებას, შესაბამისი ახალი სატარიფო პოლიტიკის გამოყენებით, რომელთა საშუალებითაც მთავრობა შეძლებდა დაეცვა ახალი ინდუსტრიები ბრიტანული კონკურენტებისგან. ტარიფების გარდა ჰამილტონი აუცილებლად მიიჩნევდა საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც გულისხმობდა არხების, გზებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა-განახლებას, რასაც საბოლოო ჯამში უნდა გაეადვილებინა ვაჭრობა შეერთებული შტატების მასშტაბით.

შეიძლება ითქვას, რომ ჰამილტონმა  ჩამოაყალიბა  სამრეწველო აღმავლობის ხელშემწყობი ორი წინაპირობა, მოქნილი ტარიფები ახალი წარმოებებისთვის და ინფრასტრუქტურის განვითარება.

აშშ-ს სწრაფი და წარმატებული ინდუსტრიალიზაცია, ბუნებრივია,  ყურადღების მიღმა არ რჩებოდათ სხვა ქვეყნის მეცნიერებს. მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან გერმანელი ეკონომისტი ფრიდრიხ ლისტი სწავლობდა შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულ წარმატებულ სამრეწველო პოლიტიკას, რათა იგივე პრაქტიკა შემდგომში ხელმისაწვდომი და გასაზიარებელი გამხდარიყო მის მშობლიურ გერმანიაში. საქმე ის იყო, რომ აქაც, ისევე როგორც აშშ-ის სახელმწიფოებრიობის გარიჟრაჟზე, მცირე გერმანული სახელმწიფოები მნიშვნელოვანწილად იყვნენ დამოკიდებული გაერთიანებულ სამეფოში წარმოებულ საქონელზე. ლისტს მიაჩნდა, რომ ინდუსტრიალიზაციის შედეგად შესაძლებელი გახდებოდა მოთხოვნის ადგილობრივად წარმოებული პროდუქციით დაკმაყოფილება და ბრიტანეთზე დამოკიდებულების შემცირება. ლისტი კრიტიკულად აფასებდა ადამ სმითის იდეებს. მისი აზრით, თავისუფალი ბაზრის უჩინარი ხელი თავისთავად ვერ უზრუნველყოფდა წარმატებულ სამრეწველო პოლიტიკას ინდუსტრიული განვითარების საწყის ეტაპებზე. თუმცაღა დამცავი ზომები, როგორიცაა ტარიფები, სიფრთხილით უნდა გამოყენებულიყო ახალი კომპანიების ზრდის უზრუნველსაყოფად, ვინაიდან ამგვარი სახის პროტექციონიზმს შეეძლო გამოეწვია კომპანიების ზედმეტი დამოკიდებულება სუბსიდიებზე, რომელთა შეწყვეტის შემდეგ ისინი არსებობას ვეღარ შეძლებდნენ.

ისევე როგორც ჰამილტონი, ლისტიც იზიარებდა ინფრასტრუქტურის როლის მნიშვნელობას მრეწველობის ხელშეწყობის საქმეში. ლისტის წინადადებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ყოფილიყო გერმანიის სარკინიგზო სისტემა, ფართოდ იქნა გაზიარებული და შემდგომში წარმატებულად განხორციელებული. ლისტის აზრით ინფრასტრუქტურული განვითარება სხვა სიკეთეებთან ერთად ხელს უწყობს ვაჭრობას, საკვებისა და საქონლის ურთიერთგაცვლას, აკავშირებს ერთმანეთთან ნედლეულის, წარმოებისა და გასაღების ბაზრებს, რაც, თავის მხრივ, ასტიმულირებს მრეწველობასაც  (List, 1841).

ინდუსტრიული პოლიტიკის თეორიის განვითარებაში შემდგომი ნაბიჯი გადადგა ჯეიმს სტიუარტ ოლსონმა, რომელმაც შეისწავლა დიდი დეპრესიის პირობებში შეჩერებული ეკონომიკის ასამუშავებელი სტიმულები. მის მიერ გაანალიზებული მასალის შედეგად ირკვევა, რომ დიდი დეპრესიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის შესაჩერებლად უმნიშვნელოვანესი იყო ეროვნული რეკონსტრუქციის საფინანსო კომიტეტის მიერ XX საუკუნის 30-იან წლებში კერძო ბიზნესების ფუნქციონირებისთვის გაწეული დახმარება ათი მილიარდი დოლარის ოდენობით. აღნიშნული კომიტეტის მთავარი მიზანი იყო სახელმწიფო კაპიტალისა და ფედერალური მთავრობის ძალისხმევის გამოყენება კერძო საკუთრებისა და სტატუს კვოს გასაძლიერებლად. კომიტეტი დახმარებას უწევდა არა მხოლოდ წარმოებებს, არამედ კომერციულ ბანკებს, სხვა ფინანსურ ინსტიტუტებსა და რკინიგზას დაბალპროცენტიანი სესხების გაცემით. კომიტეტის მიერ განხორ­ციელებული ფინანსური ინტერვენციების შედეგად აშშ გადაურჩა ეკონომიკის საბოლოო კოლაფსს 1933 წელს და შენარჩუნებულ იქნა ამერიკული ფინანსური და სამრეწველო ინსტიტუტების მდგრადობა. ოლსონმა თავისი ანალიზით გვიჩვენა, თუ როგორ არის ინდუსტრიული პოლიტიკა არსებითად დაკავშირებული ფინანსურ პოლიტიკასთან. ისეთი ინდუსტრიული პროექტი, როგორიცაა TVA- ტენესის ველის სამმართველოს შექმნა, რომელიც დაარსდა 1933 წელს და რომლის მიზანიც იყო ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ელექტროენერგიის გამომუშავება და  მიწოდება მდინარე ტენესის აგრარულ რაიონებში, მოითხოვდა კაპიტალის დამატებით წყაროებს წარმატებული ფუნქციონირებისთვის.TVA ჩაფიქრებული იყო, როგორც ფედერალური საკუთრებაში არსებული ელექტროსაწარმო და რეგიონალური ეკონომიკური განვითარების სააგენტო. ეს კომპანია დღესაც არსებობს, როგორც ქვეყნის უდიდესი საზოგადოებრივი ენერგიის მიმწოდებელი. ამგვარად, ოლსონმა კაპიტალის შენარჩუნებასა და ფუნქციონირებაში დიდი მნიშვნელობა მიანიჭა არა მხოლოდ  სახელმწიფო სუბსიდირებას, არამედ სახელმწიფოს მხრიდან სამრეწველო პროცესებში, როგორც მონაწილე მხარის   ჩართულობას.   

მეორე მსოფლიოს ომის შემდგომი ეკონომიკური ლიტერატურა აგრძელებს დაკვირვებას სამრეწველო პოლიტიკის შედეგებზე და გაზრდილი ეკონომიკური აქტივობების ფონზე ამდიდრებს თეორიულ მასალას არსებული პრაქტიკული მაგალითებით. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ისევ მოქცეულია სამთავრობო ჩარევა და თავისუფალი ვაჭრობის გავლენა ინდუსტრიის განვითარებაზე. ასე მაგალითად, ჯუნ-ჩანგი თავის წიგნში  „ცუდი სამარიტელები: თავისუფალის ვაჭრობის მითი და კაპიტალიზმის დაფარული ისტორია“ (Chang, 2009) აკრიტიკებს  თომას ფრიდმანისა და სხვა ლიბერალური ეკონომისტების საყოველთაოდ აღიარებულ მოსაზრებას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მხოლოდ შეუზღუდავ კაპიტალიზმს და ფართო საერთაშორისო ვაჭრობას შეუძლია გამოიყვანოს განვითარებადი ქვეყნები სიღარიბიდან. ჩანგი გვიჩვენებს, რომ დღევანდელმა ზესახელმწიფოებმა  –   აშშ-დან ბრიტანეთამდე, მისი მშობლიური კორეის ჩათვლით – ყველამ მიაღწია კეთილდღეობას საკუთარი ინდუსტრიის აგრესიული  პროტექციონიზმისა და სამთავრობო ჩარევის შედეგად. ჩანგი აკრიტიკებს ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომლებიც ზესახელმწიფოების მიერ გამოიყენებიან როგორც ინსტრუმენტები საკუთარი ეკონომიკური ძლევამოსილების განმტკიცების გზაზე. ჩანგის აზრით, თუ გადავხედავთ 1945 წლამდე აშშ-ს ეკონომიკის განვითარებას, თავისუფალი ვაჭრობის ექსტრემიზმი მთლიანობაში არა მხოლოდ არაისტორიული ფაქტია თვით ამერიკაში, არამედ იგი არ მუშაობს არც მსოფლიოში. ამის მაგალითია თუნდაც გაერთიანებული სამეფოს მიერ მიღებული მატყლის აქტი, რომელიც ხელს უშლიდა მატყლის ექსპორტს, რასაც, თავის მხრივ, მოჰყვა ირლანდიური მატყლის წარმოების კოლაფსი.

ტიპური ეკონომისტებისაგან განსხვავებით, რომლებიც ქმნიან მოდელებს, თუ როგორ უნდა იმუშაოს ბაზარმა, ჩანგი იკვლევს წარსულს: რა მოხდა სინამდვილეში. მისი აზრით, თავისუფალი ვაჭრობის პოსტულატები და ზესახელმწიფოების ქმედებები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, საყოველთაოდ აღიარებული საპატენტო და საავტორო უფლებების მიღმა, ზესახელმწიფოების ინდუსტრიული პოლიტიკა აქტიურადაა დაკავებული სხვისი ტექნოლოგიების გულმოდგინე კოპირებით; ასევე საყოველთაოდ აღიარებული პოსტულატის საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმადაც ცენტრალიზებული დაგეგმილი ეკონომიკა ახშობს ზრდას, ბევრ განვითარებად ქვეყანას ჰქონდა მშპ-ის უფრო მაღალი ზრდა მანამ, სანამ მოახდენდნენ თავიანთი ეკონომიკის დერეგულირებას.

სახელმწიფო როლის მნიშვნელობის შესახებ გამახვილებულია ყურადღება მარიანა მაძუკატოს წიგნში „სამეწარმეო სახელმწიფო: საჯარო და კერძო სექტორის წინააღმდეგობის მითის გაბათილება“ (Mazzucato, 2015).  მაძუკატოს მოჰყავს მრავალი საინტერესო მაგალითი სამრეწველო დარგიდან იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდნენ ცალკეული ტექნოლოგიები სამთავრობო მხარდაჭერის შედეგად. ეს მაგალითები მოიცავს GPS ტექნოლოგიებს, რომელსაც ზურგს უმაგრებდა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიას ფართოდ იყენებენ სამოქალაქო პირები თუ კერძო სექტორი, GPS უკან კვლავ ფედერალური მთავრობა დგას მოქმედი თანამგზავრებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. მაძუკატო ზოგიერთ მომენტში ზედმეტად იხრება იმ მიმართულებით, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით შეინიშნება iPhone-თან მიმართებით. მართალია, აშშ-ს მთავრობა აკონტროლებდა iPhone-ის დასამზადებლად საჭირო ყველა ტექნოლოგიას, მაგრამ  კომერციული ინტერესით ნასაზრდოებმა კერძო ინიციატივამ ჩამოაყალიბა ის პროდუქტი, რომელსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ iPhone-ის სახით. ასევე აშშ-ს  მთავრობა იყო ნახევარგამტარების პირველი შემსყიდველი ნასას პროგრამის ფარგლებში, თუმცა, ამავდროულად, ისეთი კერძო ფირმები, როგორიცაა Fairchild ან Intel, მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებდნენ ნახევარგამტარების წარმოებაში. 

სამრეწველო პოლიტიკის წარმატებული მაგალითის სახით, მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მიმოხილვა. 1961 წელს სიღარიბეში ჩაფლულ სამხრეთ კორეას 1979 წლისთვის მძლავრი ინდუსტრიული ეკონომიკა და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება ჰქონდა, რამაც რვა წლის შემდეგ კორეა დემოკრატიულ რეფორმებამდე მიიყვანა. თუმცა მანამდე, 1961 წლიდან დაწყებული, კორეას ტრანსფორმაცია პარკ ჩუნგ ჰეის პრეზიდენტობის ხანას უკავშირდება. დიქტატორმა პარკმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო 1961 წელს გადატრიალების შედეგად და ქვეყანას მართავდა მის მკვლელობამდე, 1979 წლის ოქტომბრამდე. პარკს დამსახურებულად მიაწერენ სამხრეთ კორეის მოდერნიზაციას, თუმცაღა აქვე აღსანიშნავია ის უდიდესი პოლიტიკური და სოციალური ხარჯი, რომლის გადახდაც კორეას მოუწია პარკის მმართველობის წლებში.

მიუხედავად დიქტატორული მმართველობისა, სამხრეთ კორეა ტექნოკრა­ტიულ, რეფორმებისკენ მიდრეკილ ქვეყანას წარმოადგენდა. ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში Chaebol-მა, რომელიც წარმოადგენდა მულტინაციონალური კომპანიების დიდ კონგლომერატს, მიიღო მთავრობის ძლიერი მხარდაჭერა ახალი მზარდი ინდუსტრიების დასაწყებად, ეს იმ პირობებში, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით კორეა განიცდიდა შოკური თერაპიის გავლენას - იზრდებოდა პროცენტები, მიმდინარეობდა ეროვნული ვალუტის დევალვაცია და ხელფასების შემცირება.  ამ წინააღმდეგობების მიუხედავად, დღევანდელი გადასახედიდან კორეის ინდუსტრიალიზაცია მართლაც სასწაულია. თავდაპირველად  ითვლებოდა, რომ მძიმე მრეწველობის, ქვანახშირის საბადოებისა და დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის გამო საბჭოთა კავშირის მხრიდან, ორი კორეიდან ჩრდილოეთ კორეა უფრო მდიდარი ქვეყანა გახდებოდა. გარდა ამისა, გასული საუკუნის 60-იან წლებში აფრიკულ სახელმწიფო განას ერთ სულ მოსახლეზე უფრო მაღალი მშპ ჰქონდა, ვიდრე სამხრეთ კორეას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმდროინდელი ანგარიშის თანახმად სამხრეთ კორეა განიხილებოდა ქვეყნად, რომელიც ვერ გასცდებოდა სასოფლო სამეურნეო ქვეყნის ფარგლებს. თუმცაღა მკაცრი სახელმწიფო ადმინისტრირებადი სამრეწველო პოლიტიკის პირობებში, რომელიც განხორციელდა  60-70-იან წლებში, სამხრეთ კორეა სიღარიბის მდგომარეობიდან ეკონომიკური ზრდის მდგრადად მაღალი ტემპის წყალობით გამოვიდა და განავითარა საკუთარი მრეწველობა ელექტროენერგიის წარმოებიდან ფოლადამდე და მანქანათმშენებლობიდან მაღალტექნოლოგიურ დარგებამდე  (Kim & Vogel).

სამრეწველო პოლიტიკის წარმატებაში დიდი იყო და არის სახელმწიფო ჩარევის მნიშვნელობა ჩინეთშიც. სამრეწველო პოლიტიკის რეფორმები უკავშირდება დენ სიაო პინის მმართველობის წლებს. დენ სიაო პინი იყო პრაგმატული, დისციპლინირებული მამოძრავებელი ძალა ჩინეთის რადიკალური ტრანსფორმაციის გზაზე  მეოცე საუკუნის ბოლოს. აღსანიშნავია, რომ ინდუსტრიული პოლიტიკის განხორციელებამდე იგი დაუპირისპირდა კულტურული რევოლუციის შედეგად მიყენებულ ზიანს, მოსპო მაო ძედუნის პიროვნების კულტი, რასაც შედეგად მოჰყვა მანამდე ხისტი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის შერბილება, რომელიც ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი იყო. ჩინეთის მოდერნიზებისა და ტექნოლოგიური გადაიარაღების გზაზე დენსიაო პინმა გახსნა სავაჭრო ურთიერთობები დასავლეთთან, რამაც ასობით მილიონი მისი თანამემამულე სიღარიბიდან გამოიყვანა (თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს 1989 წლის ივნისში სისხლში ჩახშობილი მღელვარება ტიანანმენის მოედანზე, რომელიც უშუალოდ მისი მითითებით განხორციელდა). დენ სიაო პინს უკავშირდება ეკონომიკური ექსპერიმენტები პირველი სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა (SEZ) შენჟენში, სოფლის სოფლის მეურნეობის რეფორმა, როდესაც მოხდა სოფლის მეურნეობის დეკოლექტივიზაცია და ჩინეთში მოსავლის წარმოებისა და გაყიდვის წარმატებული რეფორმირება.  მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ქალაქისა და სოფლის საწარმოებისა და ინდივიდუალური საყოფაცხოვრებო საწარმოების შემწეობის გაზრდამ განაპირობა საბაზრო ეკონომიკის ეტაპობრივი დაბრუნება და უმუშევრობის შემცირება  (Vogel, 2013). 

ჯ. სტადუელი თავის წიგნში „როგორ მუშაობს აზია“ (Studwell, 2013), გად­მოგვცემს თავისი ინტენსიური მუშაობის შედეგებს 9 აზიური ქვეყნის ეკონომიკის მაგალითზე (იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ინდონეზია, მალაიზია, ტაილანდი, ფილიპინები, ვიეტნამი და ჩინეთი). სტადუელის ნაშრომი ერთგვარი დემითოლოგიზაციაა აზიური ეკონომიკური სასწაულისა, რომელიც ხდებოდა გასული საუკუნის 80-90 იან წლებში. აზია განიხილებოდა არა მხოლოდ როგორც ეკონომიკური სასწაულის შემოქმედი რეგიონი, არამედ როგორც კულტურული და ეკონომიკური კონტექსტით მსგავსი ბლოკი, რომელიც განვითარების გამალებულ და განუხრელ ზრდას განიცდიდა. თუმცა სტადუელი აჩვენებს, რა მოხდა სინამდვილეში აზიაში და ნათლად მიუთითებს იმ მიზეზებზე, თუ რატომ განვითარდა ზოგიერთი ქვეყანა უფრო მეტად, ხოლო ზოგიერთმა კი მნიშვნელოვანი წარუმატებლობა განიცადა. 

წიგნში წარმატების საწყის მიზეზად დასახელებულია მიწის რეფორმა. აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა, რომლებმაც წარმატებული ეკონომიკური ზრდა განიცადეს, განახორციელეს მიწის რეფორმის პროგრამები, რამაც მიწის განაწილება უფრო სამართლიანი გახადა. ამის საპირისპიროდ აზიის რიგ ქვეყნებში დაწყებული მიწის რეფორმა არაკომპეტენტურობისა და კორუფციული მიზეზების გამო წარუმატებელი აღმოჩნდა, რამაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად იმოქმედა ინდუს­ტრიულ განვითარებაზე. ამის მაგალითად სტადუელი ასახელებს ფილიპინებს, სადაც მიწის რეფორმა ჩავარდა ფეოდალური ლატიფუნდიური გავლენებისა და პრეზიდენტ მარკოსის დროინდელი გაუგონარი კორუფციის გამო. წიგნის ავტორი ხაზს უსვამს გარემოებას, რომ ეკონომიკური ზრდა და წარმატებული სამრეწველო პოლიტიკა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ადეკვატურად პასუხობს სახელმწიფო მის კომპეტენციებს და რამდენად დაცლილია მისი პოლიტიკა კორუფციისგან დასახული მიზნების მიღწევის გზაზე.

წარმატებული ინდუსტრიული პოლიტიკის სხვადასხვა შემთხევების განხილვის გვერდით, რომლებშიც სახელმწიფო პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი მდგენელია,  სტადუელი ასევე ასახლებს იმ საშიშროებას, რომელიც თავს იჩენს გადაჭარბებული პროტექციონიზმის დროს. მაგალითად, მალაიზიის სამრეწველო პოლიტიკა გვიჩვენებს, რომ მიუხედავად მთავრობის მიერ მრეწველობას საწყის ეტაპზე შექმნილი ხელსაყრელი პირობებისა,  შეიმჩნეოდა კონკურენტული გარემოს ნაკლე­ბობა, რის გამოც ასეთ კომპანიებს შეექმნათ მნიშვნელოვანი დაბრკოლებები, როდესაც მათ მოუწიათ კონკურენტულ პირობებში სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე მოღვაწეობის გაგრძელება.

გენერალ პარკისა და დენ სიაოპინისგან განსხვავებით, ლი კუან იუს მემუარები (Yew, 2000) მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა მან სინგაპურის გადაქცევა მსოფლიოში უმაღლესი ეკონომიკური სტატუტის მქონე სახელმწიფოდ. სინგაპური არის წარმატებული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პრაქტიკაში თავისუფალი ბაზრის პოლიტიკა სახელმწიფოებრივად განხორციელდეს. სინგაპურის სავალუტო-ფინანსური მმართველობა გაცილებით მკაცრი იყო შეუ­საბამობებთან მიმართებით და თანამიმდევრულად მიჰყვებოდა მთავრობის მიერ დასახული ეკონომიკური გეგმის განხორციელებას,  რაც მდგომარეობდა სინგაპურის მიერ მთავარი ფინანსური ცენტრის სტატუსის მოპოვებასა და უცხოელი ინვესტორებისთვის ლიბერალური გარემოს შექმნას. ეს სიმკაცრე რამდენჯერმე დაეხმარა სინგაპურს, როდესაც მთავრობამ უარი უთხრა ზოგიერთი ინვესტორის სპეკულანტურ იდეებს და მართალიც აღმოჩნდა, ვინაიდან რამდენიმე წელში ამ საინვესტიციო იდეებმა მნიშვნელოვანი ფინანსური მარცხი განიცადა. ლი კუან იუ ასე­ვე ხაზს უსვამს ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას ინდუსტრიული პოლიტიკის წარმატების გზაზე. ზემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სინგაპური ქალაქი-სახელმწიფოა, რაც ნიშნავს, რომ მას არ აქვს დიდი ფონდი ადგილობრივი ტვინებისა. შესაბამისად მთავრობის პოლიტიკის ძალისხმევა (როგორც ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი) მიმართული იყო იმისკენ, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები დარჩენილიყვნენ სინგაპურში შესაბამისი სამუშაო და ანაზღაურების კარგი პირობების შეთავაზებით. ლი კუან იუს აზრით, ეკონომიკური განვითარება არ არის მხოლოდ ქარხნების განვითარება. თუ ქვეყანში არ არის ადამიანი, რომელსაც აქვს გამოცდილება, რომ მართოს ინდუსტრიული ობიექტები და ასევე კულტურა, რომ ეს მართვა განახორციელოს არაკორუმპირებული გზით, მაშინ ნებისმიერი ინდუსტრიული პოლიტიკა თავიდანვე მარცხისთვისაა განწირული.

იაპონიის ეკონომიკური სასწაულისა და წარმატებული სამრეწველო პოლიტიკის საფუძველი უკავშირდება MITI-ს, იაპონიის საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების სამინისტროს (Johnson, 1982). თანამედროვე ინდუსტრიული სახელმწიფოს შექმნის გამოწვევის ნაწილი არის თანამედროვე ბიუროკრატიის შექმნა, რომელიც არ არის დამოკიდებული პატრონაჟზე. ამ სამინისტროს შექმნისა და გატარებული რეფორმების უმთავრესი მიზანი იყო ეფექტურად მოქმედი ბიუროკრატიული აპარატის დაფუძნება, რომელიც შეძლებდა წარმატებით ემართა უცხოური ტექნოლოგიების იმპორტი ექსპორტის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ იაპონიის ინდუსტრიული განვი­თარებიდან სხვა აზიურ ეკონომიკებთან შედარებით, არის კონკურენტუნარიანი შიდა ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობა ნებისმიერი საჭირო საშუალებით. MITI-ს მიერ შემუშავებულ ინიციატივებს შორის შეიძლება დავასახელოთ დაბალპროცენტიანი სესხების პოლიტიკა პრიორიტეტულ ინდუსტრიებზე, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების გადასახადებისგან გათავისუფლება, უცხოურ კორპორაციებთან დაკავშირებით სპეციფიკური პოლიტიკის შემუშავება, როგორიც იყო, მაგალითად, IBM-თან დაკავშირებული მითითებები, რომელმაც ამ კომპანიის შემოსავლის შემდეგ ბიძგი მისცა  იაპონური კომპიუტერული ინდუსტრიის განვითარებას. მართლაც, იაპონური MITI-ის მიერ განხორციელებული პოლიტიკა სხვა არაფერი იყო თუ არა სამუელ სლეიტერის მიერ თავის დროზე გახორციელებული ნაბიჯები, ამერიკის ინდუსტრიალიზაციის გარიჟრაჟზე. სამუელ სლეიტერი  იყო ცნობილი ანგლო-ამერიკელი მეწარმე მეცხრამეტე საუკუნეში (1768 – 1835) და ცნობილი როგორც ამერიკული ინდუსტრიული რევოლუციის სულისჩამ­დგმელი. მას უკავშირდება ბრიტანეთიდან ტექსტილის წარმოების ტექნოლოგიის გადატანა ამერიკაში და ამ მრეწველობის მოდიფიცირება ამერიკული მიზნებისთვის. ბრიტანული წყაროები მიუთითებენ, რომ მან  21 წლის ასაკში  მოიპარა ტექსტილის ფაბრიკის მანქანების დიზაინი და ემიგრირდა აშშ-ში. ამერიკაში მან დააპატენტა მის მიერ ბრიტანეთიდან წამოღებული საქსოვი მანქანების დიზაინი და წამოიწყო ამერიკული ტექსტილის წარმოება პარტნიორებთან ერთად. 1800 წლის შემდეგ წარმოების მისი მეთოდი გადაიღეს სხვა მეწარმეებმაც, რამაც ბიძგი მისცა აშშ-ს ინდუსტრიულ რევოლუციას. 

დასკვნა

ჩვენ მიერ ზემოთ მიმოხილული მაგალითები ხაზს უსვამს სამრეწველო პოლიტიკის წარმართვაში სახელმწიფოს გადამწყვეტ როლს. სამთავრობო ჩარევა კონკრეტულ სექტორში განპირობებულია ამ სექტორის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივის კიდევ უფრო ასამაღლებლად და საერთო ჯამში ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად. ამ მიმოხილვაში ჩვენ აქცენტი არ გაგვიკეთებია ისეთ სამთავრობო ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებებზე, როგორიცაა ინვესტიცია განათლებაში, კანონის უზენაესობისა და საკუთრების უფლებების განმტკიცება და ა.შ. თუმცა ეს პოლიტიკები, ინდუსტრიულ პოლიტიკასთან ერთად, წარმოადგენს ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების უმნიშვნელოვანეს პირობას. 

გამოყენებული ლიტერატურა

Chang, H.-J. (2009). Bad Samaritans: The Myth of Free Trade and the Secret History of Capitalism.Bloomsbury Publishing PLC.

Hamilton, A. (1791, December 5). the Report on the Subject of Manufactures, Original source: The Papers of Alexander Hamilton, vol. 10, December 1791 – January 1792, ed. Harold C. Syrett. New York: Columbia University Press, . Retrieved from Founders Online, National Archives: https://founders.archives.gov/documents/Hamilton/01-10-02-0001-0007.

Johnson, C. (1982). Miti and the Japanese Miracle: The Growth of Industrial Policy, 1925-1975. Stanford University Press.

Kim, B.-K., & Vogel, E. F. (n.d.). The Park Chung Hee Era: The Transformation of South Korea. 2013: Harvard University Press.

List, F. (1841). Retrieved from The National System of Political Economy.

Mazzucato, M. (2015). The Entrepreneurial State: Debunking Public vs. Private Sector Myths. PublicAffairs.

Studwell, J. (2013). How Asia Works: Success and Failure in the World's Most Dynamic Region. Grove Press.

Vogel, E. F. (2013). Deng Xiaoping and the Transformation of China. Belknap Press.

Yew, L. K. (2000). From Third World to First: Singapore and the Asian Economic Boom. Harper.